13 ოქტომბერი 2026,   14:51
ვრცლად
ევროკავშირის ქვეყნები აანალიზებენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე - ლევან მაჭავარიანი

როდის აღადგენს ბრიუსელი თბილისთან დიალოგს და დარწმუნდა თუ არა ევროპული ბიუროკრატია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა შეცდომა იყო. ევროკავშირის რამდენიმე ლიდერის გარდა, ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ თბილისთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკიც წერს, რომ ბრიუსელში პოლიტიკურ დონეზე, არსებობს საქართველოსთან თანამშრომლობის გარკვეული ინტერესი, კერძოდ, დაკავშირებადობის საკითხებზე.

მმართველი გუნდის შეფასებით, ლუქსემბურგში გაკეთებული განცხადებებით დასტურდება, რომ ევროკავშირში რამდენიმე ლიდერის გარდა, ყველა აცნობიერებს, რომ მათ საქართველო სჭირდებათ. თბილისში ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და როლზე აკეთებენ აქცენტს და დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრობენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები აანალიზებენ იმას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან.

"ევროკავშირის ქვეყნები აანალიზებენ იმას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ბრიუსელიც ათვითცნობიერებს ამას, თუმცა მათ ძალიან დიდი ეგო აღმოაჩნდათ, ვერ გვპატიობენ იმას, რომ ამ ასეთმა პატარა ქვეყანამ უარი განვაცხადეთ პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებაზე და შესაბამისად, ისინი აგრძელებენ თავიანთი გადმოსახედიდან ბრჭყალებში ესე სადამსჯელო ღონისძიებებს. ჩვენ ამით ისინი ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ, არც შანტაჟის არ გვეშინია, არც წნეხის არ გვეშინია.

ჩვენი საქმით გვაქვს დამტკიცებული და მათთვისვე უკეთესი იქნება, თუ მალე გაუსწორებენ რეალობას თვალს. იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო მართლაც ესაზღვრება შავ ზღვას, იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ მართლაც შუა კორიდორის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ვართ და შეეგუებიან იმ რეალობას, რაც მათთვის ძალიან მწარეა, რომ მიუხედავად ამდენი უხეში ჩარევისა, რევოლუციით ვერ ჩაგვანაცვლეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩაუტარეს წინასაარჩევნო კამპანია აგენტურას, ვერ მოგვიგეს არჩევნები. ამ ყველაფრის გარანტი ქართველი ხალხია და შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს უკვე გააცნობიერებენ, სხვა გზა არ დარჩებათ და დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები