05 ნოემბერი 2026,   10:43
ვრცლად
უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურატურას მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურატურას მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა. საქმე რადაში ხმების სანაცვლოდ დეპუტატებისთვის ფულის შესაძლო დარიგებას ეხება.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" სარჩელის საფუძველზე მიიღო, რადგან პროკურატურა საქმის აღძვრაზე უარს ამბობდა.

პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უწყების ორი მაღალჩინოსანი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო ქრთამის სანაცვლოდ თაღლითური ქოლ-ცენტრების, ნარკოვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულების მფარველობას ედავება. ამავე საქმეებთან კავშირში ჩატარდა ჩხრეკა უსაფრთხოების სამსახურის გავლენიან გენერალ სერჰი დუკას სახლში.

მედიის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს გენერალი ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებს იარაღით დაემუქრა, რის გამოც ის მოგვიანებით დააკავეს.

გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა უწყებებმა დაასრულეს გამოძიება ენერგეტიკის სექტორში გამოვლენილ მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს გარემოცვას ეხება. სქემაში "ენერგო-ატომის" მაღალჩინოსნები, ყოფილი მინისტრები და სტუდია "კვარტალ 95"-ის თანამფლობელი ტიმურ მინდიჩი ფიგურირებენ, ქრთამის სახით მიღებულმა და გათეთრებულმა თანხამ კი 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

დღის ამბები