ნარკოტიკის შეძენა-შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალი წარედგინა მეოთხე პირსაც, რომელიც მსჯავრდებულია.
მამაკაცი დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ქალს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებები გადასცეს.
ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა რა ნივთიერებას გადასცემდნენ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ზურაბ კერესელიძეს ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და გადაცემას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ბრალს არ აღიარებს იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა ეს ფაქტი, თუ რა ნივთიერებას გადასცემდა, რომელიც უშუალოდ გამოატანეს მას და სთხოვეს, რომ გადაეცათ. კერძოდ ხატები იყო ეს და ეს იყო ფსკვნილები და შემდგომ რა იყო შიგნით ნამდვილად არ ჩაუხედავს", - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.