"ვიყავი თავმჯდომარე, მოიყვანეთ ერთი ფაქტი რითაც დავაზიანე ქალაქის ინტერესები" - აღნიშნა გიგა ფარულავამ არჩილ გორდულაძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს შეახსენა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა, რომელიც მისივე განცხადებით, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასთან, პარტია "გახარია საქართველოსთვის" კოალიციის საფუძველზე მოხდა.
არჩილ გორდულაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" უარყოფდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის შექმნას, ფაქტები საწინააღმდეგოს აჩვენებდა.
"ამ ხნის განმავლობაში, თქვენი პარტია ურცხვად ამტკიცებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია არ გვქონიაო. სამი წლის განმავლობაში, პირადად თქვენ, ზუგდიდის საკრებულოში იყავით თავმჯდომარე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენმა და "ნაციონალური მოძრაობის" პარტიამ შექმნეს კოალიცია - ეს არის ფაქტი. თქვენ ყველაფრის წინააღმდეგი ხართ, გარდა იმისა "ნაციონალური მოძრაობა" მხარს რომ დაგიჭერთ გახდეთ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. სამი წელი იყავით "ნაცების" გამო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე," - მიმართა არჩილ გორდულაძემ გიგა ფარულავას.
ფარულავამ კი აღნიშნა, რომ მიუხედავად ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციისა, მას ცუდი არაფერი გაუკეთებია:
"ვიყავი თავმჯდომარე, მოიყვანეთ ერთი ფაქტი რითაც დავაზიანე ქალაქის ინტერესები. კოალიცია თავის თავში სულ სხვა არის, ვიდრე საკრებულოს თანამდებობის დაკავება,"- აღნიშნა გიგა ფარულავამ.