ისრაელში პოლიტიკური ცვლილებებია. 27 ოქტომბრის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ახალი მთავრობის ფორმირების მანდატი ოპოზიციის ლიდერსა და გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გადი აიზენ-კოტს გადასცა.
"ცხადი გახდა, რომ ბატონ აიზენკოტს ქნესეთის წევრთა უმრავლესობის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბდება, ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობასა და შერიგებას. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მხოლოდ ერთი სახელმწიფო გვაქვს. ბატონო აიზენკოტ, გაკისრებთ მთავრობის ფორმირების პასუხისმგებლობას და პატივია, გადმოგცეთ ისრაელის მთავრობის ჩამოყალიბების მანდატი", - განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.
აიზენკოტის კანდიდატურას 120-ადგილიან ქნესეთში 67-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მას კოალიციის შესაქმნელად 28-დღიანი ვადა აქვს. ოპოზიციის ლიდერი "ეროვნული საგანგებო მთავრობის" ჩამოყალიბებას გეგმავს და პარტიებს, მათ შორის ნეთანიაჰუს თანაგუნდელებს, კომპრომისისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"საზოგადოება ჩვენგან მოქმედებას ელის. ვინც პირადი ინტერესების გამო მთავრობის ფორმირების პროცესის ჩაშლას შეეცდება, ისტორიას დარჩება ადამიანად, რომელმაც საგანგებო ვითარებაში ისრაელის გადარჩენისთვის არაფერი გააკეთა. ისრაელს სჭირდება ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც შეინარჩუნებს იმას, რაც საზოგადოებას აერთიანებს, და გზას გაუხსნის ახალ ეპოქას", - განაცხადა გადი აიზენკოტმა.