10 ნოემბერი 2026,   17:44
ვრცლად
"აბაშობა - 2026" - აბაშაში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "აბაშობა - 2026" საზეიმოდ აღინიშნება.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა "საპატიო აბაშელის" წოდების მინიჭების ცერემონია.

"გილოცავთ სახალხო დღესასწაულს "აბაშობას!" ეს დღე ჩვენი ქალაქის ისტორიის, ტრადიციების, კულტურისა და იმ ადამიანების პატივისცემის დღეა, ვინც საკუთარი შრომითა და ღვაწლით ქმნის აბაშის წარმატებულ მომავალს, რომლებმაც თავიანთი პროფესიული საქმიანობით, მიღწევებითა და საზოგადოებრივი ღვაწლით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნისა და მშობლიური კუთხის განვითარებაში, განსაკუთრებით ვულოცავ თითოეულ აბაშელს, ვისი სიყვარულით, ერთგულებითა და შრომითაც ჩვენი მუნიციპალიტეტი ვითარდება და წინ მიიწევს, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ," - აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაია.

აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "საპატიო აბაშელის" წოდება მიენიჭათ:

სპარტაკ ქობულიას - საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, ქართული კულტურის ამაგდარს, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის პრემიების, ასევე ჟურნალისტთა საერთაშორისო პრემიის - "ოქროს ფრთის" ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, ქართულ პუბლიცისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მშობლიური კუთხის ღირსეულად წარმოჩენისთვის.

კახაბერ (კახა) კაჭარავას - ქართული ფეხბურთის გამორჩეულ წარმომადგენელს, რომელიც 1984 წელს აბაშის "ავტომობილში" თამაშობდა. სხვადასხვა დროს იცავდა საქართველოს, კვიპროსის, თურქეთისა და გერმანიის საფეხბურთო კლუბების, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. არის საქართველოს სამგზის ჩემპიონი და წარმატებული მწვრთნელი.

ხელმძღვანელობდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას", ზუგდიდის "ოდიში 1919-სა" და თბილისის "დინამოს". "საპატიო აბაშელის" წოდება მიენიჭა სპორტული მიღწევებისა და აბაშის ღირსეულად წარმოჩენისთვის.

დეკანოზ კონსტანტინე კაჭარავას - აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრისა და გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარს, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგულ მსახურსა და სულიერ მოღვაწეს, მკვლევარს, წიგნების - "ესე სოფელი კეთილ არს" და "სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორიის" ავტორს, აბაშის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შემქმნელს. წოდება მიენიჭა აბაშის ისტორიული წარსულის კვლევაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობასა და მშობლიური კუთხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ მამა კონსტანტინეს თაოსნობითა და ძალისხმევით, სოფელ გულეიკარში მოეწყო საინტერესო, ავთენტური პატარა მუზეუმი, რომელიც ადგილობრივი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
აბაშის მუნიციპალიტეტი ულოცავს "საპატიო აბაშელის" წოდების მფლობელებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და უსურვებს მათ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მრავალ სასიკეთო საქმეს მშობლიური კუთხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

დღის ამბები