10 ნოემბერი 2026,   18:19
ვრცლად
მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა უკვე 6 საათია გრძელდება. დღეს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა შუამდგომლობა დააყენეს.

მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს, მოცემულ ეტაპზე, იმის დაკმაყოფილება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან.

"კოალიცია ცვლილებებისათვის" გაჟღერებული შუამდგომლობა, რასაც მხარს უჭერს ყველა მოპასუხე მხარე, არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის სწორედ ამ მეხუთე ნაწილის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა გვიანდელ ვადას. და ამავეს ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამავე აქტით არ არის სხვა ვადა დადგენილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან.

აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ რა საფუძვლით ხდება გადაწყვეტილების შედეგამდე მისვლა. ცალკე განჩინებით, წინასწარ ეტაპზე, დაპირება იმისა, რომ მე შემდგომში გადავავადებ, ასეთ რამეს არც კონსტიტუცია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი არ ითვალისწინებს", – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია.

 

დღის ამბები