"კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობას, რომელიც ეხება, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენას და რომელიც მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა, გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ აყენებს ოპოზიცია შუამდგომლობებს ახლა, როდესაც ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გასული კვირის განმავლობაში არსებობდა, ახლა კი უკვე ჩატარებულია შუამდგომლობებთან დაკავშირებით საქმის განხილვა.
"ქართული ოცნების" შეფასებით, გვარამიას შუამდგომლობა ვადების გაჭიანურების მცდელობაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ეს ირიბად გულისხმობს მისივე გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენებას.
გიორგი კახიანმა დღეს სხდომათა დარბაზში "რუსთავი 2-ის" საქმეც გაიხსენა.
"სასამართლოს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მათ შორის, დასკვნით სიტყვაზე წარმოთქმული ჩვენი განმარტებები სასამართლოსთვის, ისევე როგორც მოპასუხის განმარტებები, სასამართლოსთვის იქნება განმაპირობებელი იმისა, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს. ამიტომ, სრულიად გაუგებარი არის უბრალოდ ასეთი შუამდგომლობის დაყენება და რანაირად შეიძლება სასამართლომ ამაზე ამ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება.
ამ შუამდგომლობის დაყენება, მათ შორის, შეიძლებოდა იმ კვირაში, როდესაც შუამდგომლობებზე ვმსჯელობდით. მაგრამ, არ ვიცი, რატომღაც მაშინ მოპასუხეს ასეთი შუამდგომლობა არ ჰქონია, ახლა გადაწყვიტა ამის დაყენება.
სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ეს ირიბად გულისხმობს იმას, რომ თავისივე გადაწყვეტილება შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს. ანუ, ამ ხნის განმავლობაში, ვთქვათ, მოპასუხე მხარე წავიდეს, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში, მოითხოვოს ალბათ ნორმის შეჩერება, ამის გამოცდილება გვაქვს თუნდაც "რუსთავი 2-ის" საქმეზე. ანუ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და თავისივე გადაწყვეტილებაში ასე ჩანს, რომ არ არის ბოლომდე დარწმუნებული. სხვა შემთხვევაში, ეს ერთთვიანი ვადა... არ ვიცი, სხვა პერიოდი, რას შეიძლება ემსახურებოდეს? ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ ეს შუამდგომლობა არის უბრალოდ დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს", - აცხადებს გიორგი კახიანი.