საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს - პეკინში მაღალი დონის შეხვედრები იმართება.
დღეს დაგეგმილია დელეგაციის წევრების ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა. „ქართულ ოცნებას“ ჩინეთის მმართველი პარტია და ცენტრალური კომიტეტი მასპინძლობს. ეკონომიკური კავშირების გარდა, თანამშრომლობა ფართოვდება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულებითაც.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ჩინელ სტუდენტებთან, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. აღსანიშნავია ჩინელი სტუდენტების ნახვა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი საქართველოშიც იმყოფებოდნენ ჩვენთან და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათი ქართული ენა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავება ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდების ჩამოყვანა ჩინეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.