საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში იმართება. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.
ხვალ, პრემიერი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დისკუსიის დროს ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.
"ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში. იცით, რომ ამ ფორმატში ევროპელი ლიდერები მსჯელობენ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება ევროპის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.