11 ნოემბერი 2026,   22:40
ვრცლად
საქართველოს მთიანეთში, ლუდის რიტუალური მომზადებისა და გამოყენების ტრადიციის UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის საკითხზე, პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს მთიანეთში ლუდის რიტუალური მომზადებისა და გამოყენების ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის საკითხზე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნომინაციის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების მომზადებას, ასევე სამომავლო ნაბიჯებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გელა სამხარაულის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის კვლევა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ნომინაციის UNESCO-სთვის წარდგენა, რათა აღნიშნულმა ტრადიციამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.

"იუნესკოში ქართული მთის ლუდის ხარშვასთან დაკავშირებული ტრადიციების აღიარების მიზნით მიმდინარეობს ნომინაციაზე წარსადგენი მასალების მომზადება, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში მზადდება ტრადიციების აღწერილობითი ნაწილი, გროვდება დოკუმენტური მასალები და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, მიმდინარეობს ტრადიციების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება და სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება", - განაცხადა გელა სამხარაულმა.

სამუშაო შეხვედრაში კულტურის სამინისტროსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი გუგუჩია და თავმჯდომარის მოადგილე დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები