13 ნოემბერი 2026,   16:11
ვრცლად
ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალს, რომელიც საკანში დავით ფეიქრიშვილზე ფიზიკურ ძალადობას უკავშირდება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება

პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა.

ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც.

გამოძიების მიხედვით, 16 ოქტომბერს პატარიძის მითითებით და ფირცხალავას გადაწყვეტილებით "პენიტენციური კოდექსის" მოთხოვნათა უხეში დარღვევით დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს ვატო და შოთა ყიფიანები, ბილანიშვილი, კაჭარავა და გოცირიძე, რომლებიც 4 დღის განმავლობაში ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ.

გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

როგორც ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი, თამარ აბესაძე აღნიშნავს, ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმებიან.

"მოველოდით ისედაც, რომ ბრალს წაუყენებდნენ. ავთანდილ ბილანიშვილის პოზიცია არის, რომ რა თქმა უნდა, დაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ვეთანხმებით ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებას. საერთოდ არ ვეთანხმებით იმ ბრალს, იმიტომ, რომ ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ბრალის წაყენება არ არის მართებული", - აცხადებს თამარ აბესაძე.

 

დღის ამბები