პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა.
ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც. გამოძიების მიხედვით 16 ოქტომბერს პატარიძის მითითებით და ფირცხალავას გადაწყვეტილებით "პენიტენციური კოდექსის" მოთხოვნათა უხეში დარღვევით დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს ვატო და შოთა ყიფიანები, ბილანიშვილი, კაჭარავა და გოცირიძე, რომლებიც 4 დღის განმავლობაში ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ.
გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
როგორც დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი აცხადებს, იმედი აქვთ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვლება.
"მადლობა, რომ რაღაცა შედეგი დაიდო, ვაპელირებდით, რომ პატიმრებთან ერთად ჩართულები იყვნენ დეპარტამენტის დირექტორი და გლდანის მერვე დაწესებულების დირექტორი. დიდი იმედი გვაქვს, რომ კვალიფიკაციის ნაწილში შეიცვლება პოლიტიკა, დაკვალიფიცირდება ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს. აღნიშნულ საქმეში ჯერ დაზარალებულად ცნობილები არ ვართ, როგორც კი გვცნობენ დაზარალებულად და წვდომა გვექნება სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, იქიდან გამომდინარე გავაკეთებთ დანარჩენ კომენტარს", - აცხადებს პაატა გოგიაშვილი.