საქსტატის დაზუსტებულ ეკონომიკურ მონაცემებში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ისტორიაში პირველად, 2025 წელს 1 სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა 27 000 ლარს გადააჭარბა. წინა წელს ეს ნიშნული 24 000 ლარამდე იყო.
დაზუსტებული მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე სწრაფად ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი გაიზარდა. დაახლოებით 29%-იანი ზრდის შედეგად, სექტორის მოცულობა 8 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა მომსახურების, განათლებისა და საფინანსო სექტორების მიმართულებითაც.
2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის რუკაზე კიდევ ერთი წარმატებული წელი მოინიშნა. ეკონომიკის სტრუქტურაში დომინანტურ პოზიციებს კვლავ სამი მთავარი სფერო იკავებს - ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
საქსტატში წინა წლების დაზუსტებული ეკონომიკური მაჩვენებლებიც წარადგინეს. პანდემიური 2020 წლის ვარდნის შემდეგ ბოლო 5 წელია ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად არანაკლებ 7,8%-ით იზრდება.
მსოფლიო ბანკი, "იბიარდი", საერთაშორისო სავალუტო ფონდი და არა მხოლოდ - გლობალური ფინანსური ორგანიზაციების შეფასებით, ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი 2026 წელსაც შენარჩუნდება. გასული წლების მაჩვენებლებსა და პოზიტიურ პროგნოზებს ხელისუფლების ეფექტურ გადაწყვეტილებებს უკავშირებენ ეკონომიკის სამინისტროში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 23 მილიარდ ნახევარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე თითქმის 10%-ით მეტია.
წლის დასრულებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება, ეკონომისტები რეკორდულ მაჩვენებლებს კიდევ არაერთი მიმართულებით პროგნოზირებენ.