13 ნოემბერი 2026,   22:21
ვრცლად
"რადიო თავისუფლება": რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების სიიდან ოთხი იურიდიული პირი ამოიღეს - ყველა მათგანი ევროპელი აქციონერების ინტერესთა ზონაში შედის

"რადიო თავისუფლება" საგამოძიებო პროექტ "სისტემის" მიერ გავრცელებულ მასალაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების სიიდან, რომელიც წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს შეათანხმეს, ოთხი იურიდიული პირი ამოიღეს. 

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, განხილვის პროცესში სიიდან ამოიღეს "პირველი ინვესტიციური ბანკი," "ინვესტიციური კოოპერატიული ბანკი," ბანკი "რესო კრედიტი" და ნავთობკომპანია "ტანეკო."

ყველა მათგანი ევროპელი აქციონერების ინტერესთა ზონაში შედის. კერძოდ, „პირველი ინვესტიციური ბანკი“ ბულგარული Starcom Holding-ის კონტროლს ექვემდებარება, რომელიც ბანკის 93.2%-ს ფლობს. "ინვესტიციური კოოპერატიული ბანკი" დაკავშირებულია ბულგარულ ბიზნესთან და ჯგუფი Chimimport-ი რუსული ბანკის 86%-ზე მეტს აკონტროლებს.

"რესო კრედიტი" ფრანგული სადაზღვევო ჯგუფის, AXA-ს ინტერესების სფეროს მიეკუთვნება, რომელიც რუსულ სადაზღვევო კომპანია "რესო-გარანტიაში' 38%-ზე მეტ წილს ფლობს. ხოლო "ტანეკო," რომელიც "ტატნეფტის" შვილობილი კომპანიაა, უნგრულ ჯგუფ MOL-თან ერთად, საწარმოში 51%-იან წილს ფლობდა.

როგორც "რადიო თავისუფლების" წყაროები აცხადებენ, "პირველი ინვესტიციური ბანკი" და "ინვესტიციური კოოპერატიული ბანკი" სიიდან ბულგარეთის თხოვნით ამოიღეს, "რესო კრედიტი" - საფრანგეთის, ხოლო "ტანეკო"- უნგრული მხარის ინიციატივით. ჟურნალისტების მოთხოვნას ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის დელეგაციებმა არ უპასუხეს.

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის საბოლოო დამტკიცება 16 ნოემბერს, ორშაბათს იგეგმება. დოკუმენტში სულ 113 ფიზიკური და იურიდიული პირი შედის, მათ შორის 50 ბანკი, ენერგეტიკული კომპანიები და რუსულ "ჩრდილოვან ფლოტთან" დაკავშირებული სტრუქტურები.

დღის ამბები