მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა აბუ დაბის საპატიმრო უკვე დატოვეს. თითოეულ მათგანს, ჯარიმის სახით, 50 000 დირჰემის გადახდა მოუწევს. ეს სასჯელი სასამართლომ მათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების გამო დააკისრა. ცნობილია, რომ ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი თავად დაფარავს.
მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას წინ უძღოდა ვიცე-პრემიერის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ინციდენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი და მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრობლემის დროულად და სამართლიანად მოგვარებისთვის.
საბა ლაზიშვილის ძმა, ზვიად ლაზიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების აქტიურმა ჩარევამ ქართველი სპორტსმენების გათავისუფლების პროცესი დააჩქარა.
6 თვით დარჩებიან აბუ დაბის ციხეში MMA-ს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის ხუთი წევრი. სასამართლომ თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 300 000 დირჰემიც დააკისრა. პატიმრობის დასრულების შემდეგ კი, მათი დეპორტირება მოხდება.
"აქ ის ადგილი არ არის, სადაც მსგავსი საქციელი შეიძლება შეგრჩეს" - ასე გამოეხმაურა UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს. უაითმა პრესკონფერენციაზე მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
ინციდენტი დაგმო უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმაც - ალი აბდელაზიზმა. მან მომხდარს სამარცხვინო უწოდა და აბუ-დაბის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.