17 ნოემბერი 2026,   15:36
ვრცლად
იმ ფონზე, ბოლო პერიოდში რომელმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ რომელიმე უცხოურ კანონთან არის ასოცირება გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედაც რომ ევროპული კანონი - ლევან მახაშვილი

ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებული მიდგომა ევროკავშირის მხრიდან - ასე აფასებს მმართველი გუნდი სლოვენიის მმართველი კოალიციის გადაწყეტილებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თბილისში აცხადებენ, რომ ის, რაც დღემდე კრიტიკის მიზეზია საქართველოს შემთხვევაში, დემოკრატიის დაცვად ითვლება თუ საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება.

სლოვენიაში საარჩევნო კამპანია აეკრძალებათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან დაფინანსება აქვთ მიღებული. რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობა შეეზღუდებათ არასამთავრობოებსაც.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, უცხოური ჩარევების დროს ქვეყნები იღებენ ცივილურ გადაწყვეტილებებს. 

"ჩვენთვის ეს ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. ქვეყნები როდესაც ხედავენ, რომ საკუთარი საზოგადოებები გარკვეული პრობლემების წინაშე დგანან, საუბარია უცხოურ ჩარევებზე, ისინი იღებენ ნორმალურ გადაწყვეტილებებს, ცივილურ გადაწყვეტილებებს, ლოგიკურ გადაწყვეტილებებს - ამკაცრებენ კანონმდებლობას, ან რაღაც სხვადასხვა ფორმით არეგულირებენ საკუთარ კანონმდებლობას. ეს იყო სწორედ, რაც საქართველომ გააკეთა თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებამ დაინახა პრობლემები, რომელიც მანამდე ისეთი ფორმით არ იყო გამოხატული, სადაც საჭირო შეიძლებოდა ყოფილიყო სამართლებრივი რეგულირება, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

თუმცა, შემდგომი რეაქციები და ევროპული სახელმწიფოების დღევანდელი გადაწყვეტილებები სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ ის იყო ხელოვნურად ორკესტრირებული, ორგანიზებული და წარმართული პროცესი, რომლის მიზანი იყო საქართველოს რეპუტაციის დაზიანება. ის კი არა, რომ პრობლემა არ არსებობდა ან ხელისუფლებას არ ჰქონდა იმისი უფლება, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ეზრუნა. იმ ფონზე, ბოლო პერიოდში რომელმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუკი რომელიმე უცხოურ კანონთან არის ასოცირება გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედაც რომ ევროპული კანონი", - აცხადებს ლევან მახაშვილი. 

დღის ამბები