19 ნოემბერი 2026,   09:38
ვრცლად
თუკი დასამალი არაფერი არ აქვს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ღიად განაცხადოს, რასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბრები თუ კონსულტაციები გერმანიის საელჩოში - დავით მათიკაშვილი

რა მიზნით იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საელჩოში? – დიპლომატიურ მისიას "კურიერის" მიერ გაგზავნილ ამ შეკითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ყოფილი პრეზიდენტი გერმანიის საელჩოში გუშინ იმყოფებოდა. მან საელჩოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილს დასამალი არაფერი აქვს, ჟურნალისტების კითხვებზეც უნდა გაეცა პასუხი და რომ საელჩოებში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტები და საუბრები მედიისგან და საზოგადოებისგან მალულად არ უნდა ხდებოდეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს თუ დასამალი არაფერი აქვს, გერმანიის საელჩოში ვიზიტის მიზანი საჯაროდ უნდა განმარტოს.

"სალომე ზურაბიშვილის ასე დაკეტილ კარს უკან სხვადასხვა საელჩოში სიარული პირველი არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. როგორც აღმოჩნდა, გერმანიის საელჩოში ბრძანდებოდა. თუკი დასამალი არაფერი არა აქვს, მას შეუძლია ღიად განაცხადოს, თუ რასთან დაკავშირებით ჰქონდა - საუბრები იყო ეს თუ კონსულტაციები გერმანიის საელჩოში. ვენის კონვენცია ნურავის ნუ დაავიწყდება, რომ იმ ქვეყნის საქმეებში ჩარევა ეკრძალებათ დიპლომატიურ წარმომადგენლებს, რომელ ქვეყანაშიც სტუმრად იმყოფებიან. ამიტომ, თუ რამე კონტაქტი ხდება პოლიტიკურ ძალებთან, ის უნდა იყოს საჯარო და ღია და, რა თქმა უნდა, მას არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური დატვირთვა", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები