19 ნოემბერი 2026,   12:14
ვრცლად
გიორგი კახიანი: სურათი სხდომებზე იგივეა, რაც წინა კვირების განმავლობაში იყო - არის მოპასუხეების მიმართ დასმული კითხვები და სრულიად უსაგნო და უშინაარსო პასუხები, რომლითაც კიდევ უფრო ამყარებენ ჩვენს მტკიცებულებას

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე პროცესი დღეს განახლდება. დღეს მე-16 სხდომაა. სასამართლო კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება. შეკითხვებს ამჯერადაც მოსარჩელე მხარე დასვამს.

სხდომა გუშინ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კითხვებს გაურბოდნენ და, სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად, ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ჰქონდათ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი აღნიშნავს, სხდომებზე სურათი იგივეა - ოპოზიციური პარტიები ისევ უარყოფენ თავიანთ ძალადობრივ ქმედებებს და ასეთი დამოკიდებულებით ეს ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ბრალეულობას, რაც პირდაპირ აისახება ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე.

"სურათი სხდომებზე იგივეა, რაც წინა კვირების განმავლობაში იყო. არის მოპასუხეების მიმართ დასმული კითხვები და სრულიად უსაგნო და უშინაარსო პასუხები, რომლითაც კიდევ უფრო ამყარებენ იმ მტკიცებულებას, რომელიც ჩვენს სარჩელში არის მოყვანილი. სარჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება იმას, რომ ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდნენ, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ მხარს უჭერდნენ და არ ემიჯნებოდნენ ასეთ აქციებს და მათი პოზიცია არის ის, რომ ისინი ამბობენ ან საერთოდ არ ჰქონია თურმე ძალადობრივ აქციებს ადგილი, ან მაგალითად ისინი უარყოფენ, რომ თურმე პარლამენტის შენობაზე თავდასხმა იყო, პოლიციელებზე თავდასხმა იყო, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა იყო. ყველაფერ ამას ისინი უარყოფენ და ასეთ შემთხვევებს ეძახიან ცალკეულ გამოვლინებებს. შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რასაც ჩვენ სარჩელში ვედავებით, ისინი ან უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ ძალადობრივი აქციების განხორციელებაში, ან ახალისებდნენ, არ ემიჯნებოდნენ ესეთ აქციებს, რაც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი", - აცხადებს გიორგი კახიანი.

დღის ამბები