მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს. "საქართველოს არასდროს ჰყოლია ასეთი სუსტი ნაკრები და ეს იმის შედეგია რომ ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, სპორტში დროებითი მარცხი ხშირად უფრო დიდი გამარჯვების საწინდარია და ქართველი ფეხბურთელები ქვეყანას კიდევ არაერთხელ ასახელებენ, თუმცა მათ გვერდით არასდროს იქნებიან სააკაშვილი და კოლექტიური "ნაცმოძრაობა," რადგან მათ ყველაფერი სძულთ, რაც ქართულია, მათ შორის ქართული სპორტი და ფეხბურთი.
"სპორტში ხანდახან მარცხი კიდევ უფრო დიდი გამარჯვების საწინდარია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭები კიდევ არაერთხელ ასახელებენ ჩვენს ქვეყანას და გაახარებენ ამ ქვეყნის ყველა პატრიოტს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ რიგებში არასდროს არ იქნება სააკაშვილი და არც კოლექტიური "ნაცები," ვინაიდან მათ ყველაფერი სძულთ და ეზიზღებათ, რაც ქართულია, მათ შორის ქართული სპორტიც და ქართული ფეხბურთიც.
ფაქტია, რომ სააკაშვილს ქრთამი ელანდება ყველგან. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდზე, ის 9 მილიონის გაფლანგვასა და მითვისებაზე არის მსჯავრდებული. თან ამ ფულს მასაჟებში, პირად კომფორტებში იხდიდა. შესაბამისად, ამ ადამიანებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ დანარჩენი "ნაცები" რომ არიან დადუმებულები და სააკაშვილის რიტორიკას იმეორებენ, ეს კიდევ უფრო დიდი სირცხვილია ამათი," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.