გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც დალაქიშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მოზარდს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.
"შემოყვანილია ორი დაშავებული. კერძოდ, დედა-შვილი, 38 წლის ქალბატონი და 11 წლის ბიჭუნა. ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აღენიშნება ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა.
რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია. აღენიშნება მხოლოდ ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დედას ჯერჯერობით ვუტარებთ კვლევებს და მოვათავსებთ სტაციონარში", - განაცხადა ანა დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია. შემთხვევის ადგილზე არიან თბილისის მერი და შინაგან საქმეთა მინისტრი.