19 ნოემბერი 2026,   16:36
ვრცლად
143 ადამიანი გადანაწილებული იქნება სხვადასხვა სასტუმროებში და ჩვენი მხრიდან ყველანაირი საჭირო დახმარება გაეწევათ - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან თქვა, პრობლემურია ორი სადარბაზო - ერთი ის, სადაც უშუალოდ აფეთქება მოხდა და მეორე - მის გვერდით არსებულ სადარბაზო. მისივე თქმით, შენობის დანარჩენი ნაწილი საცხოვრებლად ვარგისია და მოსახლეობას იქ ცხოვრების გაგრძელება შეუძლია. 

"მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მცხოვრებელი, 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის, მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი, დაახლოებით 143 ადამიანი, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული.

მიმდინარეობს სამუშაოები და თუკი რაიმე სიახლე იქნება, რა თქმა უნდა, მოგაწვდით ინფორმაციას.

ვხედავთ, რომ ყველა სამსახური ადგილზეა, მობილიზებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკა, ყველა უწყება ადგილზეა და მიმდინარეობს სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები