20 ნოემბერი 2026,   09:14
ვრცლად
სპორტის მინისტრმა ნონა გაფრინდაშვილს სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა

სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა.

"კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილისთვის მიმელოცა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა. მიუხედავად მისი ასაკისა, თითოეულ ქართველ გულშემატკივარს გვაკვირვებს ქალბატონი ნონას გამარჯვების ჟინი და პროფესიონალიზმი. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ზურასაც მივულოცო სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

კომენტარი გააკეთა თავად ნონა გაფრინდაშვილმა. მოჭადრაკის თქმით, გამარჯვებას სირთულეები ახლდა თან.

"კმაყოფილი უნდა ვიყო ჩემი შედეგით იმიტომ, რომ ძალიან რთული ჩემპიონატი იყო იმ კუთხით, რომ ვირუსი გავრცელდა იქ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ავად და მეც, ჩემი ყელი ჩაერთო საქმეში, ფაქტიურად არ მაძინებდა ღამეებს. ჩავთვალოთ, რომ ერთი ხუთი პარტია ვითამაშე ისეთ სიტუაციაში, რომ ნახევარი ღამე არ მეძინა", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

ქართველმა მოჭადრაკემ სერბეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა +75 ასაკობრივ კატეგორიაში იზეიმა და ტურნირზე 11-დან 7 ქულა მოაგროვა, შედეგად კი სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა.

დღის ამბები