21 ნოემბერი 2026,   12:55
ვრცლად
საზოგადოებამ ამ ე.წ. პარტიებს, რომელიც პოლიტიკური პროექტები არიან, განაჩენი დიდი ხანია გამოუტანა, ახლა მთავარია, ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტულ ვერდიქტში ასახოს - რატი იონათამიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ორშაბათს განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ, რიგით მე-17 სხდომაზე კითხვებს ძირითადად მოპასუხე მხარე სვამდა, თუმცა მათი უმეტესობა მოიხსნა, რადგან პლენუმის განცხადებით, ფაქტობრივი მსჯელობის ნაცვლად, პარტიები სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" აინტერესებდა რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ. მოისმინა, რომ ბევრ სხვა ფაქტთან ერთად, სარჩელში დევს სტრასბურგის სასამართლოს 227 გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სააკაშვილის თანაგუნდელებმა არცერთ ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ისევ არ აიღეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს თვალყურს ადევნებს:

"ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს იმ პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. ჩვენმა საზოგადოებამ განაჩენი ამ ე.წ. პარტიებს, რომელიც პოლიტიკური პროექტები არიან, განაჩენი უკვე ძალიან დიდი ხანია გამოუტანა და მათ აუკრძალა პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება. ახლა მთავარი არის, რომ საზოგადოების მიერ და ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენი უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ ასახოს კონკრეტულ ვერდიქტში. დასაბუთება, თუ რატომ უნდა აისახოს - რასაკვირველია, ეს ყველაფერი სწორედ ამ დღეების განმავლობაში, ამ პროცესზე ყველაზე მკაფიოდ და თვალნათლივ გამოჩნდა,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების კონკრეტული განცხადებებიც, რომლითაც მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.

დღის ამბები