23 ნოემბერი 2026,   21:53
ვრცლად
ბრენდი, რომელმაც ეპოქა შექმნა - პაულო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი მემკვიდრეობა არსებობას კიდევ დიდხანს გააგრძელებს

ბულგარი - სახელი, რომელიც ფუფუნებას, რომს, კინოს, ძვირფას ქვებსა და იტალიურ ელეგანტურობას ნიშნავს. ბრენდი, რომელმაც სამკაულის მიღმა საკუთარი სტილი, ესთეტიკა და მთელი ეპოქა შექმნა და ადამიანი, რომელმაც ოჯახური მემკვიდრეობა მსოფლიო კულტურის ნაწილად აქცია. საკუთარი გვარი კი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ. პაულო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა არსებობას კიდევ დიდხანს გააგრძელებს. 

კომპანია "ბულგარი" მეცხრამეტე საუკუნის ბოლო, რომში, მისმა ბაბუამ, ბერძენმა ოსტატმა სოტირიოს ვულგარისმა დააარსა, რომელმაც მოგვიანებით თავისი გვარი "ბულგარიდ" გადააკეთა. ბრენდის ფესვები საბერძნეთშია, მაგრამ მისი ხასიათი რომში ჩამოყალიბდა.

პაოლო ბულგარი ბიზნესში 1960 წელს ჩაერთო. ძვირფასი ქვების შესწავლა მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა. მოგვიანებით კი, სწორედ მისი ხედვა დაეხმარა ბრენდს, საკუთარი, სხვებისგან სრულიად განსხვავებული ესთეტიკა შეექმნა. ბრენდმა უარი თქვა ტრადიციულ, ფაქიზ და მინიმალისტურ სტილზე. მის სამყაროში ფერები თამამი გახდა, ოქრო - გამოკვეთილი, დიზაინი კი, ხშირად არქიტექტურულ ფორმებსა და ანტიკური რომის მოტივებს იმეორებდა.

1960-იან წლებში ბულგარიმ შექმნა კოლექცია, რომელშიც ანტიკური რომაული და ბერძნული მონეტები თანამედროვე ოქროს სამკაულებში ჩასვა.

რაც დრო გადიოდა, მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, რომ სამკაული აღარ იყო მხოლოდ ძვირფასი ნივთი - ის ეკრანზე, ფოტოზე, წითელ ხალიჩასა და ვარსკვლავების ცხოვრებაში იქცა სტატუსის, გემოვნებისა და ინდივიდუალობის სიმბოლოდ.

სხვადასხვა ეპოქაში მისი სამკაულები ჰოლივუდის ვარსკვლავების - ოდრი ჰეპბერნის, სოფი ლორენისა და შერონ სტოუნის სტილის ნაწილი გახდა. დღეს ამ ტრადიციას ზენდაია, ენ ჰეთეუეი და სხვა ვარსკვლავები აგრძელებენ. 

ელიზაბეტ ტეილორი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემელი იყო. რომში, "კლეოპატრას" გადაღებების დროს, მისი სიყვარული სამკაულებისადმი და რიჩარდ ბარტონთან ურთიერთობა ბრენდის ლეგენდარული ისტორიის ნაწილად იქცა.

მსახიობი თავისუფალ დროს საიუველირო მაღაზიაში ატარებდა, იქ ირჩევდა სამკაულებს და მალე ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზაც გახდა.

2011 წელს ოჯახმა კომპანიის საკონტროლო წილი ფრანგულ კომპანიას მიჰყიდა, გარიგება ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იყო. ეს რთული გადაწყვეტილება პაოლო ბულგარისთვის ბიზნესის მომავლის დაცვის გზა აღმოჩნდა.

21 ნოემბერს იტალიურმა მედიამ გაავრცელა ცნობა პაოლო ბულგარის გარდაცვალების შესახებ. კომპანიამ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პაოლო ბულგარს "ნამდვილი შემოქმედებითი სული" უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ნამუშევრები "მომავალ თაობებსაც შთააგონებს". ბულგარი დღესაც რომის სახელით საუბრობს მსოფლიოსთან და პაოლო ბულგარის სახელი ამ ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები