200-ზე მეტმა პატიმარმა, საქართველოს სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულება დილით დატოვა. ისინი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. საპატიმროდან გამოსულ 216 მსჯავრდებულს შორის 8, ძალადობრივი აქციების დროს, დანაშაულებრივი ქმედების გამო დაკავებული პირია. მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღიარეს, მოინანიეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულთა შორის დღეს ნიკოლოზ ჯავახიშვილიც იყო. ის 2024 წლის დეკემბერში, აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ციხიდან კი ვადაზე ადრე მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. ჯავახიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ, მედიასთან სწორედ ამ ფაქტის უარყოფა და სიმართლის დამალვა სცადა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს რომ დანამდვილებით მიმართა ამას კონკრეტული ფაქტები მოწმობს. "კურიერმა" დღეს მისი განცხადების ასლიც მოიპოვა. 2026 წლის 7 ოქტომბერს, მსჯავრდებულმა პრეზიდენტის სახელზე დაწერილ წერილში აღნიშნა, რომ დანაშაულს აღიარებს, ინანიებს, შეწყალებას ითხოვს, რათა ქვეყნის სასიკეთოდ საქმიანობაში ჩაერთოს.
პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მსჯავრდებული ჯავახიშვილის თხოვნა გაითვალისწინა. თუმცა, რატომ იცრუა დღეს ძალადობრივ აქციაზე დაკავებულმა პირმა? მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ოპოზიციონერი აქტივისტების კრიტიკისა და ბულინგის არიდება სცადა.
ციხიდან გამოსული 8 პირის დანაშაულს მოწმობს ის კადრები, რომელსაც არქივი ინახავს. მაგალითისთვის, ანრი კვარაცხელიას 4 წელი და 6 თვე ციხეში გდდ-ს თანამშრომლისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო უნდა მოეხადა. სპეცრაზმელის მიმართულებით პიროტექნიკის სროლის გამო 5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი გიორგი მინდაძეს. მისმა ქმედებამ სამართალდამცველს დაზიანება, კერძოდ, დამწვრობა მიაყენა. 5 წელი ჰქონდა მისჯილი გიორგი ოკმელაშვილს, რომელმაც პოლიციელზე ფიზიკურად იძალადა.
მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, პრაქტიკა ასეთია - სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ჰუმანური იმ პირთა მიმართ, ვინც ჩადენილ ქმედებას აღიარებს და მოინანიებს. თუმცა, ჰუმანური გარეთ გამოსული ადამიანების მიმართ მათივე მხარდამჭერები არ არიან. აგვისტოში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები, ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის სამიზნეები გახდნენ. მიზეზი დანაშაულის აღიარება და მონანიება იყო. დღეს ეს მიდგომა შეცვალეს "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეფასდა.
საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ გააზრებული დანაშაული და მონანიებული ქმედება სასჯელის გადახედვას ყოველთვის დაექვემდებარება. კანონმდებლების განმარტებით, ამის დასტური პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებია, რომლის საშუალებითაც არაერთი პატიმარი ციხეს ტოვებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 232 პირი შეიწყალა, მათგან 216-მა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. 16 კი არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირია. მიხეილ ყაველაშვილმა გადაწყვეტილება კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ექსკლუზიური უფლების ფარგლებში მიიღო. შეწყალების ეს აქტი კი ჰუმანიზმის პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება.