23 ნოემბერი 2026,   21:19
ვრცლად
საქართველოში სუროგაცია იკრძალება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა

საქართველოში სუროგაციის აკრძალვამ ამ სფეროში არსებული ეთიკური, მორალური და სამართლებრივი პრობლემები უნდა მოაგვაროს. კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სუროგაცია, რომელიც ხშირად ბიზნესად იქცევა, ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა - მისი სიკეთე კი მძიმე შემთხვევების საპირწონე ვერ გახდება. სახელისუფლებო ძალაში გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშებს იხსენებენ და ამბობენ, რომ სუროგაციის უარყოფით გავლენაზე სპეციალისტები დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ.

საპატრიარქო სუროგაციის სრულ აკრძალვას უჭერს მხარს. მიაჩნიათ, რომ ცალკეული რეგულაციები საპირისპირო შედეგს გამოიწვევს და შესაძლოა პროცესი უკონტროლოც გახდეს. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. სუროგაციის თემაზე საპატრიარქო დიდი ხანია მსჯელობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პატრიარქის ინიციატივამდე საკითხი მთავრობას უკვე შესწავლილი ჰქონდა და რეაგირების გზების ძიებაც მიმდინარეობდა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას პატრიარქი ბოდბეში ქადაგების დასრულების შემდეგ გამოეხმაურა. შიო მესამის განცხადებით, ინიციატივა მისაღები და მნიშვნელოვანია.

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში რომ კომერციული სუროგაცია აკრძალულია, ამაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში ელოდება. საპარლამენტო ოპოზიცია საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შემდეგ იმსჯელებს, დაუჭიროს თუ არა მხარი აკრძალვას. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და მაგალითებზე საუბრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე ინიციატორები საერთაშორისო პრაქტიკას შეისწავლიან. უკვე არსებული ინფორმაციის შესაბამისად კი, ცნობილია, რომ სუროგაცია სახელმწიფოების უმეტესობაში აკრძალულია და ხშირად დანაშაულის კვალიფიკაციაც აქვს. მიზეზებს შორის არაერთი მძიმე რისკი სახელდება, მათ შორის, ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის მიმართულებით. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ესმით სუროგაციის აკრძალვის ეკონომიკური გავლენაც, თუმცა ეკონომიკური სარგებელი რისკებს და ეთიკურ საკითხებს ვერ გადაწონის. დღეს რამდენჯერმე განიმარტა ისიც, რომ სუროგაციის აკრძალვა არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას და ის ისევ მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება.

სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოში ამ სერვისით მოსარგებლეთა 98 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა. ქვეყნები კი, სადაც საქართველოში დაბადებული ჩვილები გაჰყავთ, შეზღუდული არ არის. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ხელისუფლებამ სუროგაციის სრულად აკრძალვაზე გადაწყვეტილება სწორედ მძიმე რისკების თავიდან არიდების მიზნით მიიღო.

დღის ამბები