სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება, სიმტკიცე, რწმენა და იმედი - მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს გიორგობას აღნიშნავენ. 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. მორწმუნეები დილიდან შეიკრიბნენ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც, იქ სადაც ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა გიორგობის აღნიშვნა ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში.
დღესასწაულს მნიშვნელოვანს ხდის ისიც, რომ წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი აღინიშნება. სადღესასწაულო ლიტურგიას ბოდბეში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წმინდა გიორგი, როგორც ქართველების რწმენის, გმირობისა და სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლო - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას წმინდანის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ხალხისთვის წმინდა გიორგი ერთიანობისა და თავგანწირვის სიმბოლოა.
ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობა, სამშობლოზე ზრუნვა, თავგანწირვა და ქრისტიანობის დაცვა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი. ირაკლი კობახიძემ გასული თვეები შეაფასა და თქვა, რომ ქვეყანამ, ეკლესიამ და მრევლმა განსაცდელს სიმტკიცითა და ერთიანობით უპასუხა. ერთობის მნიშვნელობა იყო პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი გზავნილიც.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო. ბოდბის დედათა მონასტერში მორწმუნეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ. გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები და ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს ეკლესიის წინაშე გაწეული მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და გულზე სატარებელი ხატი - პანაღია გადასცა. ბოდბის ეპარქიის საეკლესიო ცხოვრებასა და ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის პატრიარქმა ჯვრებით დააჯილდოვა ეპარქიის სასულიერო პირები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავს.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი