ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტების შემდეგ, რვა ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. პროტესტის ფონზე, ქვეყანაში ეროვნული გაფიცვაც მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია საჰაერო მიმოსვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
"მოძველებული აღჭურვილობის განახლება შეუძლებელია. პრობლემებია კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით. თანამშრომლები სულ უფრო მეტად იღლებიან, შემცვლელი კადრების მოძიება კი ვეღარ ხერხდება. სახელმწიფო უარს ამბობს საჯარო სერვისებზე, უარს ამბობს სოლიდარობაზე, სამართლიანობასა და ჰუმანურობაზე. ეს სერიოზული პრობლემაა. ასეთ მსოფლიოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს?", - აღნიშნა საჯარო მოხელე კლემანსმა.
პროფკავშირების წარმომადგენლის, სელენა კარბონერო ფერნანდესის თქმით, ვიდრე ეს მთავრობა ხელისუფლებაშია პროტესტს გააგრძელებენ.
"სანამ ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ და ჩვენს მოთხოვნებს არ დავთმობთ. მთავრობა ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს, დროა, ეს ფარსი დასრულდეს!" - განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა სელენა კარბონერო ფერნანდესმა.