საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის კვლევის ახალი მონაცემების თანახმად, ევროპის სამრეწველო კომპანიების ნახევარი მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების წინაშე დგას. ამის მიზეზია შრომისა და ენერგიის მაღალი ხარჯები, რასაც ჩინური კომპანიების მხრიდან მზარდი კონკურენციაც ემატება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
2026 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, ევროპის მწარმოებელი კომპანიების დაახლოებით 50%-ი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია ან ფინანსური კრიზისის ზღვარზე იმყოფება. 2025 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ი იყო, 2024 წელს კი - 42%-ს შეადგენდა.
ფინანსური წნეხის ზრდა იმ ფონზე ხდება, როდესაც ევროპა კონკურენტუნარიანობის შემცირების შეჩერებას ცდილობს. ამ მიზნით, ევროკომისია სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს წევრ ქვეყნებს, რათა შემცირდეს ბიუროკრატიული ბარიერები, გაღრმავდეს ევროკავშირის ერთიანი ბაზარი და გაუმჯობესდეს კაპიტალის ბაზრების კავშირი.
თუმცა, ბევრი კომპანია რეფორმების ნელი ტემპით უკმაყოფილოა. ჩინელ კონკურენტებთან გამკლავების მიზნით, განსაკუთრებით მძიმე კონკურენციის პირობებში, კომპანიები სხვადასხვა სექტორში - საავტომობილო ინდუსტრიიდან დაწყებული, ქიმიური მრეწველობით დამთავრებული - იძულებულები არიან, სამუშაო ადგილები და ხარჯები შეამცირონ.
ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებელი Volkswagen-ი მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას ახორციელებს, რამაც შესაძლოა 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის გაუქმება გამოიწვიოს. ბოლო თვეებში, მოგების შემცირების შესახებ გაფრთხილებები გაავრცელეს ისეთმა კომპანიებმაც, როგორებიცაა BMW და Volvo Cars-ი.
McKinsey-ის შეფასებით, იმ კომპანიების მზარდი რაოდენობა, რომლებიც ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში არიან ან ფინანსური კრიზისის წინაშე დგანან, დაახლოებით 3,7 მილიონ სამუშაო ადგილს საფრთხის ქვეშ აყენებს.
კვლევა ეფუძნება ხუთ ფინანსურ მაჩვენებელს, რომლებიც მოგებას, ფულად სახსრებსა და დავალიანებას უკავშირდება. კვლევა შეეხო ევროპის თითქმის 1 200 საჯარო და კერძო კომპანიას, რომელთა წლიური შემოსავალი 100 მილიონ ევროს აღემატება.
ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე კომპანიები სამ კატეგორიად დაიყო: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი, ფინანსური წნეხის ქვეშ მყოფი და ფინანსურად ჯანსაღი. კვლევაში წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორის კომპანიები - მანქანათმშენებლობიდან და საავტომობილო ინდუსტრიიდან, ელექტროტექნიკისა და მასალების წარმოებამდე.
2026 წლის წინასწარი მონაცემებით, კომპანიების 42%-ი კრიზისულ მდგომარეობაშია, 8%-ი ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფება, ხოლო ნახევარი ფინანსურად ჯანსაღად არის შეფასებული.
ევროპული ინდუსტრიის უარყოფითი მაჩვენებლები, იმ კვლევის შემდეგებს ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის წამყვანმა აღმასრულებელმა დირექტორებმა ბიზნესის მიმართ ნდობის „უპრეცედენტო ვარდნაზე“ ისაუბრეს. კვლევა ივნისში ევროპის მრეწველობის მრგვალმა მაგიდამ გამოაქვეყნა (European Round Table for Industry), რომელიც რეგიონის დაახლოებით 60 უმსხვილეს სამრეწველო და ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს.
წლის პირველ ნახევარში ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმასრულებელი დირექტორების მთავარი გეოპოლიტიკური შეშფოთების საგნებს შორისაა ენერგომომარაგების უსაფრთხოება, გლობალური ეკონომიკის დაყოფა ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ რეგიონულ ბლოკებად, სავაჭრო მარშრუტების არასტაბილურობა და კრიტიკული ნედლეულის იარაღად გამოყენება.
"ევროპის პროდუქტიულობის ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, ერთი უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს“, - განაცხადა McKinsey-ის ევროპულმა მმართველმა პარტნიორმა, ტუნდე ოლანრევაჯუმ.
მისი თქმით, ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ზოგიერთმა კომპანიამ ვითარების გაუმჯობესება, თანამშრომელთა წარმომადგენლებთან პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, გარკვეული ღონისძიებების შეთანხმებით და ადმინისტრაციული დატვირთვის შესამცირებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეძლო. მისივე განმარტებით, კიდევ ერთი შესაძლო გამოსავალია სუსტი ან გამოუყენებელი აქტივების ძირეული გარდაქმნა, გაყიდვა ან დახურვა.