25 ნოემბერი 2026,   14:42
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზე: ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და ფასი დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა, რაც ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნებასა და გაღრმავებას უწყობს ხელს.

"მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს; რა თქმა უნდა, უფრო ფართო ფორმატში მქონოდა კონსულტაციები ჩემს კოლეგა მინისტრთან და განგვეხილა ყველა ის საკითხი, რაც აქტუალურია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა და ეს სტრატეგიული ურთიერთობები ძალიან სერიოზული შინაარსით არის სავსე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

"ჩვენს რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და ფასი დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ წინ წავწიოთ კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრებზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის დაგეგმილი ვიზიტები და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგი.

"მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში, ასევე დავიწყებთ მუშაობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში. ესეც კიდევ ერთხელ იქნება მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების. ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობები ინტენსიურია, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული დატვირთვა აქვს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გაგრძელდება", - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები