რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
განცხადება ლავროვმა ბელარუსში გააკეთა, სადაც ბელარუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა მინსკში 19 ნოემბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის შეხვედრის ორგანიზებისთვის.
"მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელარუს მეგობრებს იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილი დაგვითმეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით", - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს, რომ საქართველომ რუსეთთან საუბრის შიში უნდა დაძლიოს.
"ვფიქრობ, რომ ეს არის პრაგმატული მიდგომა, რომელიც პასუხობს როგორც ქართველი ხალხის ინტერესებს, ისე ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან", - აღნიშნა ლავროვმა.