28 ნოემბერი 2026,   21:58
ვრცლად
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა - მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ საჯარო და გამჭვირვალე პროცესებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა დანაშაულებრივი რეჟიმის ნამდვილი სახე

მმართველი გუნდის აზრით, უსუსურ მდგომარეობაში, ის ოპოზიციური პარტიები, რომელთა აკრძალვის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, საკუთარი ქმედებების გამო აღმოჩნდნენ. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ საჯარო და გამჭვირვალე პროცესებმა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა დანაშაულებრივი რეჟიმის ნამდვილი სახე.

სტრასბურგის სასამართლოს 230-მდე გადაწყვეტილება, რომელიც "ნაცმოძრაობის" მხრიდან სისტემური დანაშაულის ნიშნებს ატარებს - სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, აკაკი ოჩიგავას, ე.წ კასრებისა, თუ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები - სარჩელის ავტორების განმარტებით, მცდელობის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები ამ წარსულისგან დისტანცირებას ვერ შეძლებენ. თავად ეს წარსული კი, მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობისთვის საკმარისი არგუმენტია.

როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე მის გარეთ, წარსულში ერთი და ახლა უკვე ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დადასტურებულ დანაშაულებთან კავშირს უარყოფენ. იმ პარტიების წევრები, რომელთა კონსტიტუციურობის საკითხს სასამართლო იკვლევს, სარჩელში წარდგენილ მტკიცებულებებს სარწმუნოდ არ მიიჩნევენ.

"ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს, ძირითადად, 2003–2012 წლების პერიოდში, კერძოდ კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილ ქმედებებსა და სისტემურ დანაშაულებს ედავება. თუმცა, მოსარჩელე მხარე იმ მოვლენებსაც იხსენებს, რომლებმაც 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სერიოზული რისკები შექმნა. მათ შორისაა 2019 - 2025 წლებში რევოლუციის 6 მცდელობა, შტურმი საარჩევნო ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოზე, პოლიციელებზე მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმები და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა, რა დროსაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი განხორციელდა.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი სხდომა პარტია "ლელოს" შეკითხვებით გაგრძელდება.

 

 

დღის ამბები