19 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ბრძოლა "რუსთავი 2"-სთვის - შესაძლებელია, წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები გაუქმდეს

რუსთავი 2-ის საქმეზე გასიტაშვილის პალატის 139 გვერდიანი განჩინება სამაუწყებლო კომპანიის იურისტებს ჩაბარდათ და უკვე ცნობილია არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ გადაეცა საქმე დიდ პალატას.

8 გვერდი დასჭირდათ მოსამართლეებს იმისათვის, რომ დაესაბუთებინათ თუ რატომ ჩათვალეს, რომ საქმე უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადასცემოდა.

რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ დასკვნაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ უზენაესმა სასამართლომ პროცესუალური ნორმების განმარტების აუცილებლობა დაადგინა, მათ შორის საუბარია აცილების ინსტიტუტზე, ვინაიდან, არცერთმა ინსტანციამ რუსთავი 2-ის მიერ დაყენებული აცილების არცერთი შუამდგომლომა არ დააკმაყოფილა და მოახდინა აცილების შესახებ ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია.

არ არის გამორიცხული, რომ წინა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაუქმდეს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ დიდი პალატა დაადგენს, რომ რუსთავი 2-ის საქმე მოსამართლეთა არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა.

რუსთავი 2-ის იურისტებს მიაჩნიათ, რომ გასიტაშვილის კოლეგიის მიერ აცილების საკითხის წინ წამოწევის ფონზე, საინტერესოა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა უკვე დიდი პალატის შემადგენლობა, რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობაზე, რომელიც 4 მოსამართლის აცილებას ითვალისწინებს. 

სამაუწყებლო კომპანიის იურისტები ამბობენ, რომ კანონის მიხედვით, მოსამართლის ასაცილებლად საკმარისია არსებობდეს თუნდაც ეჭვი მის მიკერძოებულობაში. 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ცნობილი არ არის დიდი პალატის მოსამართლეთა ის შემადგენლობა, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე იმსჯელებს. 

ავტორი ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები