საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მიერ გაკეთებული შეფასება რუსთავი 2-თან დაკავშირებით, შეერთებული შტატების საგარეო უწყების პოზიციას არ გამოხატავდა.
ჯონ ქირბიმ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ სწორედ სამაუწყებლო კომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესების გამო დააყენა. მმართველ გუნდში კი კვლავ იმას აცხადებენ, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული დავაა და არა პოლიტიკური პროცესი კრიტიკული მედიის გასაჩერებლად.
საერთაშორისო ასპარეზზე რუსთავი 2-ის საქმის შესახებ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციას. უმცირესობაში დარწმუნებული არიან, რომ ამერიკის და ევროპის უმაღლესი სტრუქტურებიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ სრულიად გასაგები და მკაფიო გზავნილები ისმის.
ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე კატეგორიულად გამორიცხავენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ლევან მურუსიძე დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ ჩამოთვლილ პირებს მოსამართლეებთან კომუნიკაცია არ აქვთ, თუმცა საიდან აქვს საბჭოს მდივანს მსგავსი ინფორმაცია მურუსიძეს არ დაუკონკრეტებია.
რუსთავი 2-ის საქმეზე ვადა უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაწყვეტილების მისაღებად 25 იანვრამდე აქვს.
ავტორი ეკა გაგუა