დასავლეთის უმაღლესი თანამდებობის პირები თავისუფალ სიტყვას და რუსთავი2-ს ერთ ხმაში იცავენ - აშშ-ის, ევროკავშოროს და ნატოს მაღალჩინოსნების მხრიდან პრესკონფერენციებსა თუ საქართველოს პრემიერთან შეხვედრებზე ხაზგასმულია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტია დამოუკიდებელი მედიისა და კონკრეტულად, რუსთავი2-ის შეუფერხებელი საქმიანობა და ხელშეუხებლობა.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტისას პირველივე შეხვედრა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან სწორედ რუსთავი2-ის თემაზე საუბრით დაიწყო.
სახელისუფლებო გუნდის პოზიცია რუსთავი2-ის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებებისგან ისევ რადიკალურად განსხვავებულია.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსთავი2-ის შესახებ კვირის დასაწყისში ისაუბრა. შეშფოთება დამოუკიდებელი მედიის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით, ჯონ ქირბიმ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა.
შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების ეს გზავნილი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის ხელისუფლებისადმი საკმაოდ ღია და არადიპლომატიური გაფრთხილებაა. საფრთხე, რომელზეც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მიუთითებს, ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება.
საერთაშორისო თანამეგობრობა რუსთავი2-ის საქმეზე ახლა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებს ელოდება, რაც, მათივე შეფასებით, მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ტესტი უნდა გახდეს.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი