ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელები ტელევიზიის დათმობას არ აპირებენ. სამაუწყებლო კომპანიის მფლობელი გია ყარამანიშვილი თვლის, რომ დღეს რუსთავი 2-ია ის ბოლო ბასტიონი, რომლის აღებასაც ხელისუფლება ცდილობს. ამის შესახებ მან დღეს გავრცელებულ ინტერვიუში ისაუბრა.
მმართველი გუნდი კი, გია ყარამანიშვილს როგორც დაინტერესებულ პირს ტენდენციურს უწოდებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არსებულ საქმეში არ ერევა.
„ყველა ტენდენციური მხარე დარწმუნებულია თავის სიმართლეში - ეს გასაგებია, მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ეს არის კერძო დავა, სახელწმიფო და პოლიტიკოსები არასდროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს. ჩვენ მივყვებით ამ პრინციპს,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ენმ-ის წევრი სერგო რატიანი კი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ერთი კონკრეტული ტელევიზიის საქმე არ არის.
„ამით გადაწყდება საქართველო არის სუსტი დემოკრატიის ქვეყენა, თუ საქართველოში დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას დაესვა წერტილი და ამასთან ერთად დაესვა წერტილი სასამართლოს თავისუფლებას,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მესამე სექტორში რუსთავი 2-ის საქმეში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესმა ეს თვალნათლივ აჩვენა. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია პროექტების კოორდინატორი ნინო რობაქიძე აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც პასუხს გასცემს საზოგადოების კითხვებს და მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით არ დატოვებს ეჭვებს.
რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს განცხადება ამერიკის ელჩმაც გააკეთა.
ავტორი: ნათია გოგსაძე.