მორიგი მკაფიო გზავნილი ვაშინგტონიდან. ამჯერად განცხადება რუსთავი2-ზე სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, თომას მელიამ, გააკეთა, რომელმაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს საქმე გავლენას ახდენს ქვეყანაში მედიაპლურალიზმზე.
პასუხი თბილისიდან ანალოგიურია, როგორც ეს სახელმწიფო მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადების შემთხვევაში იყო. უმაღლესი რანგის დიპლომატის შეფასება თბილისში ისევ კონკრეტული პირის პოზიციად აღიქვეს.
უმრავლესობისგან განსხვავებით, შეერთებული შტატებიდან წამოსული გზავნილი ერთნაირად ესმის ოპოზიციას. ოცნების ოპონენტების აზრით, ვაშინგტონი ასე იმ იმიტომ აქტიურობს, რომ არ სურს, საფრთხე შეექმნას ყველაზე კრიტიკული ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკას საქართველოში.
რუსთავი2-ის საქმე რომ საქართველოს ყველა მოკავშირისა და პარტნიორებისთვის აქტუალური თემაა, დღეს ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმაც დაადასტურეს. იანოშ ჰერმანი ამ კონტექსტში ბრიუსელში პრემიერის ვიზიტსა და ფედერიკა მოგერინის განცხადებებს იხსენებს.
ავტორი: ნათია გოგსაძე