ამ წუთებში დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან აქცია იწყება. ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები საწვავზე აქციზის გაძვირებასა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გასამმაგებას აპროტესტებენ.
დაგეგმილია მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით, სადაც აქცია-პერფორმანსი გაიმართება.
შეკრების ორგანიზატორების მტკიცებით, ეს ცვლილებები ქვეყანაში მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს.
"ეს არის ბიუჯეტის შევსების მიზნით შემოითავაზებული კანონპროექტი და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს ზრუნავენ საზოგადოებაზე, მათ ჯანმრთელობაზე. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, არ დააკანონონ ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ტყუილი. ბიუჯეტის შესავსებად კი მოძებნნონ ალტერნატიული გზები,“ - განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ.
დედაქალაქის პარალელურად აქცია ქუთაისსა და ზუგდიდშიც ტარდება.
ხელისუფლება 2017 წლის 1 იანვრიდან რიგ პროდუქტებზე, მათ შორის, თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდას გეგმავს.