მედია ექსპერტები ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.
მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების არსებობასთან კავშირშია.
თამარ კინწურაშვილის თქმით, რუსთავი 2 გაჩერება მედიაპლურალიზმისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
„თუ რუსთავი 2 გაჩერდება, იმ პირობებში როდესაც ხდება სამი არხის ერთ სახელისუფლებო ხელში კონცენტრირება, ეს იქნება სერიოზული დარტყმა მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით და ზოგადად დემოკრატიის თვალსაზრისით,“-აცხადებს თამარ კინწურაშვილი.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნიკა გვარამია ხელისუფლებას ქონებაზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც ეხმაურება.
ნინო რობაქიძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომელიც არ დაუტოვებს საზოგადოებას კითხვებს ამ საქმის შინაარსზე,“-განაცხადა ნინო რობაქიძემ.