07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
უვიზო მიმოსვლა საქართველოს - მწვავე დებატები ევროპარლამენტში

553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე, ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

ისმოდა მხარდამჭერი განცხადებები და ევროპარლამენტართა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ საქართველომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გამო ვიზალიბერალიზაცია დაიმსახურა.

თუმცა, ევროპარლამენტში იყვნენ დეპუტატები, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდნენ, არგუმენტად კი ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უსაფრთხოებას ასახელებდნენ.

სკეპტიკოსთა მთავარი არგუმენტი ორგანიზებულ დანაშაულთან საქართველოს მოქალაქეთა კავშირი და ასევე მიგრაციის საკითხია.

მასობრივი მიგრაციის პრობლემაზე ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ევროკავშირიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ აღნიშნული საკითხი იყო. ევროპარლამენტარმა მოუწოდა კოლეგებს დაფიქრებულიყვნენ, სანამ საქართველოს უვიზო მიმოსვლას მიანიჭებდნენ, რადგან მისი თქმით, თანხმობის შემთხვევაში ემიგრანტთა პრობლემა კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

„თქვენ პრობლემას უფრო ართულებთ, ვინაიდან აფართოებთ უვიზო რეჟიმს იმ ხალხისთვის, რომლებიც ჩამოვლენ, მინიმალურ შემოწმებას გაივლიან და სადაც მოუნდებათ იქ წავლენ. თქვენ დაკარგავთ ბრიტანეთს, მაგრამ ასევე დაკარგავთ ჩვენს საერთო პროექტსაც, იმიტომ, რომ შემდეგი ქვეყნები, რომლებსაც გასვლა სურთ გერმანია, ჰოლანდია და საფრანგეთია. ამიტომ, დაფიქრდით რა ხდება რეალურ სამყაროში,“ - განაცხადა ბრიტანეთის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში.

ბრიტანეთის დელეგატს დეპუტატი ანდრეის მამიკინსი არ დაეთანხმა. "მოხარული ვარ, რომ ბრექსიტის შემდეგ თქვენ ამ დარბაზში აღარ იქნებით," - მიმართა მამიკინსმა. 

პრობლემებზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას  ევროპარლამენტის წევრმა ვიკი მაიერმაც.

დღის ამბები