07 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
"სულ მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა, მაგრამ ვერ გავხდი... სამაგიეროდ, ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად, რამდენი ოქროა აღებული" - გაიცანით ექიმი, რომლის ხელშიც ყველაზე წარმატებულმა სპორტსმენებმა გამოიარეს

"სულ მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა, მაგრამ ვერ გავხდი... სამაგიეროდ, ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად, რამდენი ოქროა აღებული. მიხარია, რომ მე ერთი პროცენტი მაინც მაქვს წვლილი შეტანილი", - ეს ერთი ექიმის არაერთი დიდი გამარჯვების წუთებია, რომელმაც ჩემპიონი მედიცინიდან უკვე გახადა. დედა ტანმოვარჯიშე ჰყავდა, მამა ძიუდოსა და სამბოში ნაკრების მწვრთნელი. სპორტსმენების ოჯახში დაბადებულს ოლიმპიურ მედლებზე ბავშვობიდან ეფიქრებოდა, თუმცა სპორტს, მეღვინეობასა და იურისტობას ზურაბ კახაბრიშვილმა, საბოლოოდ, მაინც მედიცინა ამჯობინა.

ახალგაზრდა ექიმს სამხედრო ფორმა აფხაზეთის ომმა მალევე ჩააცვა. პირველივე მოწოდებაზე, ორსული მეუღლე დატოვა და ბრძოლის ველზე მოხალისედ წავიდა.

მოგვიანებით, თეთრი ხალათისა და სპორტის გზები მაინც გადაიკვეთა. პირველი ნაბიჯები მამასთან ერთად გადადგა და მუშაობა დარბაზში ძიუდოს მწვრთნელად დაიწყო. როცა ოლიმპიადაზე პირველად წავიდა, სიდნეიში ჩასულს ყველაზე მეტად უცხოელი კოლეგების გამოცდილება აინტერესებდა. იქ ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა.

ზურაბ კახაბრიშვილი სპორტულ სამყაროში ყველაზე ცნობილი ექიმია. ამის მიზეზი, პროფესიონალიზმთან ერთად, მისი გულწრფელი ემოციებია, რომელიც კამერის ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, როცა ჩემპიონების ოქრომ აატირა. დღემდე, ჯიბით დააქვს გამარჯვების ეს დროშაც, რომელთან ერთადაც სპორტსმენები სიხარულის პირველ წუთებს გულშემატკივრებსა და მთელ ქვეყანას უზიარებენ.

სპორტსმენების წარმატების უკან თავდაუზოგავი შრომა რომ დგას და, ხშირად, დიდი გამარჯვებისთვის შეუძლებლის გაკეთებაც რომ არის საჭირო, ეს მან ყველაზე კარგად იცის. მათ მხოლოდ მედიკამენტებით არ კურნავს. დიდ შეჯიბრებებზე სპორტსმენებისთვის არაერთხელ გამხდარა ძალისა და მოტივაციის მიმცემიც. დაპირისპირებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ქართველი მებრძოლები მის შეძახილებს, ხშირად ლექსებსა და სიმღერასაც კი ისმენენ.

ყველგან ექიმია, ამიტომ გადამწყვეტი წუთების ფასიც კარგად იცის. ადამიანების სიცოცხლის მცველია საერთაშორისო ტურნირებზეც, როცა ვინმეს უჭირს, საბრძოლო მოედანზე, თუ მის მიღმა.

ფიქრობს, რომ ისე კარგად ვერ მღერის, როგორც კურნავს. არის კოლექციონერი, ბედი მხატვრობაშიც სცადა, თუმცა თავისუფალ დროს ყველაზე მეტად მაინც მოედანზე გასვლა და ბურთის თამაში ურჩევნია, თავდამსხმელის პოზიციაზე. ხშირად სტუმრობს ქორწილებსაც, ცნობილი თამადის სტატუსით.

თბილისში დაბადება და ცხოვრება მისთვის საპატიოა. სპორტულ და სამედიცინო კარიერაში მიღწევებს გუშინ კიდევ ერთი დაემატა.

დღეს ამაყია, რომ მის ხელში ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულმა სპორტსმენებმა გამოიარეს და საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა ააფრიალეს. სჯერა, რომ ამით, ყოველ ჯერზე, მებრძოლებთან ერთად, ქვეყანა უიარაღო ომს იგებს. მარცხი არ უყვარს, ცხოვრობს დაუმარცხებელი ქართველი გენერლის სულისკვეთებით და გამარჯვებისთვის თაობებსაც ასე ზრდის.

 

ავტორი: ზურა ნერგაძე

დღის ამბები