16 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ქარდები, რომელიც პოლიტიკური დავის საგნად იქცა - არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, აშშ-ის საელჩო ვაშინგტონის სათქმელს Facebook-ბანერებით ამბობს

კომუნიკაციის ფორმა, რომელიც ამერიკის საელჩომ აირჩია სოციალურ ქსელსა და ქარდებზე გადის. პოსტი რიტორიკულ შეკითხვას შეიცავდა. დიპლომატიურმა მისიამ 2020 წლის არჩევნების ოფიციალური და პარალელური ხმის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ცდომილება 1.8 პროცენტია, შემდეგ კი აქცენტი ოპოზიციაზე გაკეთდა. "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ" - ამ შინაარსის ქარდი ისევ საელჩოს Facebook-გვერდზე აიტვირთა. საელჩოს მიერ გავრცელებულ ქარდებს არასწორი ინფორმაციის შემცველი და მანიპულაციური მალევე უწოდეს მმართველ გუნდში. პრემიერ-მინისტრმა ელჩს თანამშრომლების საქმიანობით დაინტერესებისკენაც მოუწოდა.

ქარდების გამოჩენიდან მალევე, საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა რობინ დანიგანიც. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მედიის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საელჩოში ყველა თანამშრომელს ერთი მისია აქვს.

საელჩოს პოზიცია და ქარდებით ნათქვამი სრულად გაიზიარეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". გიორგი ვაშაძე "ისფედის" შეცდომით გამოქვეყნებულ შედეგებზე არ საუბრობს, თუმცა საუბრობს მეორე ქარდზე, რომელიც ოპოზიციას ეხება.

რა გავლენა მოახდინა "ისფედის" ცდომილებამ 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდზე? კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებენ გახარიას პარტიაშიც. ამბობენ იმას, რომ ორგანიზაციამ შეცდომა უკვე აღიარა.

"ისფედის" საკითხისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის ოპონენტები ღიად საუბრობენ ოპოზიციის აკრძალვის საკითხზე. ის, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაზე აკეთებს აქცენტს, ახალი არ არის. ეს განაცხადი სახელისუფლებო გუნდმა ღიად უკვე გააკეთა, თუმცა ოპოზიციის ნაწილს არ სჯერა, რომ დაპირება რეალობად იქცევა. "გირჩში" ახლა ის აინტერესებთ, რატომ მივიდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კომუნიკაციის ამ ფორმამდე.

ქარდები, რომელიც პოლიტიკური დავის საგნად იქცა, მმართველ გუნდს კითხვის ნიშნებს უჩენს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ეს პროცესი პარტნიორის მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

საარჩევნო პროცესებში ჩარევა თუ ბრალდებებზე პასუხი - საელჩოს ქარდებზე მოსაზრებები განსხვავებულია, საარჩევნო კამპანია კი ბოლო ფაზაშია გადასული. ზუსტად 20 დღე რჩება 26 ოქტომბრამდე. 20 დღეში ამომრჩეველი საკუთარ ნებას საარჩევნო ყუთთან გამოხატავს.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები