06 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
ესთეტიკური მედიცინის წარუმატებელი შედეგი - ექიმი ემიგრანტებთან ჩადის და ოპერაციებს, კლინიკის ნაცვლად, ბინაში, არასტერილურ გარემოში ატარებს

ესთეტიკური მედიცინის წარუმატებელი შედეგი - დაზარალებულები, ძირითადად, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები არიან, რომლებმაც მკერდის კორექცია, შეღავათიანი ფასის სანაცვლოდ, იტალიაში, ქუთაისიდან ჩასულ კოსმეტოლოგს ანდეს.

ინფორმაცია "კურიერი P.S.-ს" თავად დაზარალებულებმა მიაწოდა, სადაც ჩანს, რა პირობებში გაიკეთეს მათ ესთეტიკური მანიპულაცია. კოსმეტოლოგმა ისინი ნეაპოლში არა კლინიკაში, არამედ ერთ-ერთ ბინაში დაიბარა, სამედიცინო მაგიდის ნაცვლად, სავარძელზე დააწვინა, ვიდეოში ისმის მცირეწლოვანის ხმაც, მანიპულაციის დროს ოთახში იყვნენ ბავშვებიც.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პაციენტმა სპეციალისტს გართულებების ამსახველი ფოტოები გაუგზავნა, მან, ხმოვანი შეტყობინებით, პრობლემის მოგვარების ინსტრუქცია მისცა.

კოსმეტოლოგი პაციენტებს არწმუნებდა, რომ ექიმთან მისვლა საჭირო არ იყო. იტალიელი ქირურგების თქმით კი, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ, დაგვიანების შემთხვევაში, შეიძლებოდა, ქართველი ქალების გალამაზების მცდელობა ფატალურად დასრულებულიყო.

ქართველი ემიგრანტების ბრალდებების ადრესატი ქუთაისელი კოსმეტოლოგი ლელა კოკელაძეა, პაციენტებს ეცნობა, როგორც ლელა კუკია. მას ქუთაისში კლინიკა 21-ე საუკუნეში მივაკითხეთ. მან გართულებები პაციენტების მხრიდან ჭრილობის არაჰიგიენურად მოვლით ახსნა, იტალიელ ექიმებს კი ნაკერი დაუწუნა.

ბინაში სამედიცინო ინვაზიური პროცედურების ჩატარება იკრძალება. ასევე ეკრძალება სპეციალისტს უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სერტიფიკატის გარეშე მუშაობაც.

რა პირობებში აკეთებს პროცედურებს საქართველოში, არ გვაჩვენა, არც კლინიკაში შეგვიშვა და არც ფოტოები გამოგვიგზავნა, გამოგვიგზავნა მხოლოდ ორი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვს სახის მოდელირების ტრენინგი. ლელა კოკელაძე არც საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებაში ირიცხება.

იმისთვის, რომ პაციენტმა მინიმუმამდე შეამციროს რისკები, ასევე, შეუძლია, მოსთხოვოს ექიმს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ მთავარი გაფრთხილება პროფესიონალებისგან არის ის, რომ არ დათანხმდნენ ესთეტიკური მედიცინის პროცედურებს სახლის პირობებში.

დღის ამბები