07 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
პენტაგონის ხელმძღვანელმა ევროპის ლიდერებს დონალდ ტრამპის გზავნილი მიუნხენის კონფერენციაზე გადასცა

ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ დონალდ ტრამპის გზავნილი პენტაგონის ხელმძღვანელმა ევროპის ლიდერებს მიუნხენის კონფერენციაზე გადასცა. უსაფრთხოების რიგით 53-ე კონფერენციის პირველი სიტყვით გამომსვლელი სწორედ ჯეიმს მატისი იყო. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი კვლავ შეეცადა ევროპის ლიდერთა დარწმუნებას, რომ ახალი ადმინისტრაცია ტრანსატლანტიკური კავშირის მიმართ ერთგული რჩება, თუმცა შეახსენა ისიც, რომ თავდაცვის მიზნით ნატო-ს წევრებმა ფინანსური ხარჯები თანაბრად უნდა გაიღონ.

პენტაგონის ხელმძღვანელს საფრთხეებზე საუბრისას რუსეთი არ უხსენებია. გამოსვლის დიდი ნაწილი მან ალიანსის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერაზე საუბარს დაუთმო. ევროპის ლიდერებს სწორედ ამის მოსმენა სურდათ, რადგან ბევრმა მატისის მიერ ნატო-ს მინისტერიალზე გაკეთებული განცხადება, ზომიერი მხარდაჭერის შესახებ, მუქარად აღიქვა. განმარტება დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გააკეთა და ვაშინგტონის მოთხოვნას ვალდებულებების თანაბრად გადანაწილების შესახებ სამართლიანი უწოდა.

ტრამპის ადმინისტრაციიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას პენტაგონის ხელმძღვანელის გარდა დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ჯონ კელი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც და უკრაინის საკითხზე ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებებიც შედგება. მიუნხენში იმყოფება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტიც. მასპინძელი ქვეყნის მეთაური ანგელა მერკელი სტუმრებს სიტყვით ხვალ მიმართავს. კონფერენცია კი მუშაობას კვირას დაასრულებს. ამ სამი დღის განმავლობაში მიუნხენში მყოფ ლიდერთა უსაფრთხოებას 4 ათასი სპეცრაზმელი დაიცავს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები