07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ბრიტანელები დონალდ ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ

ბრიტანელები დონალდ ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ გამოდიან. ბრიტანეთის პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი ხელისუფლებას დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

აქცია კოალიცია შეაჩერე ტრამპის მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ბრიტანელებისთვის მიუღებელია ქვეყანაში დაპატიჟო ლიდერი, რომელიც ფუნდამენტურ ღირებულებებს პატივს არ სცემს.

ბრიტანელებმა ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც მოამზადეს, რომელსაც ხალხის უპრეცედენტო რაოდენობამ - მილიონ 800 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ვიზიტი გულისხმობს საპატიო სტუმრის დახვედრას ყველა ტრადიციის დაცვით, დედოფალთან აუდიენციის ჩათვლით.

აქციის პარალელურად, ბრიტანეთის პარლამენტში ტრამპის ვიზიტის გაუქმების საკითხზე დებატები მიმდინარეობდა. ვინაიდან, პეტიციას მილიონ 800 ათასი ადამიანი აწერს ხელს, პარლამენტი ვალდებულია პეტიცია განიხილოს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტერეზა მეის გადაწყვეტილება, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქვეყანაში მიპატიჟებასთან დაკავშირებით, ნაადრევი იყო.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

დღის ამბები