07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ოსკარის მთავარი ჯილდო "მთვარის შუქს" ერგო - მანამდე გამარჯვებულად შეცდომით "ლა ლა ლენდი" დაასახელეს

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის კულმინაცია შოუს მთავარი მოულოდნელობა აღმოჩნდა. წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულად შეცდომით მიუზიკლი ლა ლა ლენდი გამოაცხადეს. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი უკვე სცენაზე იყო და მადლობას იხდიდა, როდესაც გაირკვა, რომ ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის მთავარი ჯილდო რეალურად ფილმ მთვარის შუქს ერგო.

ოსკარის ისტორიაში უპრეცედენტო გაუგებრობის შემდეგ მსახიობი უორენ ბიტი, რომელიც გამარჯვებულს ფეი დანაუეისთან ერთად აცხადებდა, მიკროფონთან დაბრუნდა და შეცდომის მიზეზი განმარტა.

მიუხედავად იმისა, რომ რეკორდული რაოდენობის, 14 ნომინაციაზე წარდგენილ მიუზიკლს მთავარი ჯილდო არ შეხვდა, ლა ლა ლენდი ოსკარის რიგით 89-ე ცერემონიის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. სურათმა 6 ოქროს ქანდაკება მიიღო, მათ შორის წლის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. 32 წლის დემიენ შაზელი კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორია, რომელსაც ეს ტიტული მიანიჭეს.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ემა სტოუნი ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს. ამავე ნომინაციაში გამარჯვებისთვის იზაბელ იუპერი, მერილ სტრიპი, რუტ ნეგა და ნატალი პორტმანიც იბრძოდნენ, რომელიც ცერემონიას ორსულობის გამო ვერ დაესწრო.

მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად ფილმ მანჩესტერი ზღვის პირას შესრულებული როლისთვის კეისი აფლეკი დასახელდა.

ამერიკის უმაღლესმა კინოაკადემიამ წლის საუკეთესო უცხოენოვან ფილმად ასგარ ფარჰადის გამყიდველი აღიარა, თუმცა თავად ირანელი რეჟისორი დოლბის თეატრის დარბაზში არ იმყოფებოდა. მან დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა.

ცერემონიაზე ოსკარის პირველი ქანდაკება მაჰერშალა ალის გადასცეს. ის მამაკაცებს შორის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი გახდა, ქალებს შორის ამავე კატეგორიაში კი, ვიოლა დევისმა გაიმარჯვა.

ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები სულ 24 კატეგორიაში გამოავლინეს. შოუ, რომელსაც წელს ამერიკელი კომიკოსი ჯიმი კიმელი უძღვებოდა, პირდაპირ ეთერში მსოფლიოს 225 ქვეყანაში უჩვენეს.

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები