12 დეკემბერი 2024,   19:37
ვრცლად
სტრასბურგში მყოფი საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ 

ევროპული საქართველოს ლიდერები, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ვენეციის კომისიის წევრებს მიაწვდიან. პარტიის წარმომადგენლები სტრასბურგში იმყოფებიან და კომისიის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ. 

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ისინი ევროპელ ექსპერტებს საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე, რომელსაც არადემოკრატიულად აფასებენ.

„უმცირესობა შევხდებით ვენეციის კომისიას და გავუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს, რატომ არის საზიანო საქართველოს მომავლისთვის და ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის ის გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის სურვილი აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც.

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრას, სტრასბურგში საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი გეგმავს.

„ჩვენ გვექნება საუბარი საკონსტიტუციო რეფორმებზე, სისტემურ რეფორმებზე, იმ სიახლეებზე, რაც იგეგმება და საკმაოდ ბევრი შეხვედრა, რომელიც ამ კვირის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან, სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია პირველ წყაროდან უახლესი პოლიტიკური სიახლეების თაობაზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები