04 მაისი 2024,   21:22
ვრცლად
სტრასბურგი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტს დღეს საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა გააცნეს. საქართველოში ვიზიტის შედეგებზე ვრცელი ანგარიში მოგვიანებით დაიდება. საქართველოში ვიზიტისას მომხსენებლებმა, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებთან, მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან.

მანამდე, სტრასბურგში საქართველოს მმართველი გუნდი გააფრთხილეს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება სავალდებულოა.

„ველოდები საკონსტიტუციო რეფორმის დამტკიცებას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საარჩევნო რეფორმას. ეს დანაპირები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ არ შესრულდა. არის დეტალები, რომელიც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ვერ ვიტყვი, რომ ის ეწინააღმდეგება საბაზისო პრინციპებსა და სტანდარტებს. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა არ უშვებს საარჩევნო ბლოკებს. იღებენ ისეთ სისტემას, როდესაც იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ, გამარჯვებას აკუთვნებენ. მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ ეს საქართველოსთან დაკავშირებით მართებული იყოს,“ - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბორის სილევიჩიმ.

უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო იმას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის რეკომენდაციებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

განცხადება გააკეთა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემაც.

„უნდა გვესმოდეს, რომ ნორმალური საარჩევნო სისტემის შექმნა და ნორმალური საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი ჩვენი მომავლისთვის. ამიტომ ლოგიკური იყო ყველა იმ საკითხის ხაზგასმა, რაც იყო ამ მოხსენებაში,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

მომხსენებლებმა ყურადღება რუსთავი 2-ის საქმეზეც გაამახვილეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მმართველი პარტია პატივს სცემს სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ და გვაქვს სრული მზაობა, რომ სასამართლოსთან იყოს ასევე სამართლებრივი თანამშრომლობა კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი თქმით, რუსთავი 2-ის საქმე ევროპისთვის უმნიშვნელოვანესია.

„უპრეცედენტო იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება. გამოითქვა იმედი ყველას მხრიდან, რომ მთავრობა ეჭვქვეშ არ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თითს არ დააკარებს რუსთავი 2-ს,“ - განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები