გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას განცხადებით, საპროტესტო კუთხით განვითარებულ მოვლენებს რომ ლიდერი არ გააჩნია, ეს კარგიც არის. მისივე განმარტებით, არსებული პროტესტის პროცესში ლიდერის არარსებობამ, შესაძლოა შექმნას შანსი, რათა კოალიციური მმართველობა ბუნებრივად დალაგდეს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენ ადრე ლიდერს ლიდერით ვამარცხებდით. იყო შევარდნაძე ლიდერი, მოვიდა მიშა ლიდერი; იყო მიშა ლიდერი, მოვიდა ბიძინა ლიდერი და ყველამ ერთპიროვნული ხელისუფლება გადაიბარა და ამ საურონის ბეჭედზე უარი არავინ თქვა.
დღეს განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ლიდერი არავინ არსებობს, ამიტომ არსებობს შანსი იმისა, რომ ბუნებრივად დალაგდეს კოალიციური მმართველობა რაღაც თვალსაზრისით.
მე ვერ გეტყვით, რომ ეს აუცილებლად მოხდება, ვერ გეტყვით იმას, რომ აუცილებლად ეს პროტესტი საწადელს მიაღწევს თუ პოლიტიკოსები საერთოდ აზრზე არ მოვიდნენ, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ქართველმა ხალხმა დაანახოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ზოგადად, რომ ის უარს აცხადებს, ვინც არ უნდა იყოს, მიყვეს ბელადს. ქართველი ხალხი უარს აცხადებს ბელადზე გაყოლაზე და მგონია, რომ ბოლო ასეთი ბელადი, ვისაც უარი უთხრეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი 29-ის აქციაზე იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბელადმა მოითხოვა, რომ მოდით ახლა მე დამიჯერეთ, როგორც აქამდე მიჯერებდით და მე ყველაფერს კარგად ვაკეთებდი, და თქვა სიტყვები, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მძიმე იყო. მართლა ოპოზიციურ მედიას ჭკუა რომ ჰქონდეს უფრო მეტი, სულ ეს სიტყვები, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა უნდა ატრიალოს და მისი გარჩევა უნდა იყოს და არა ის, რომ დაჰყავთ ხალხი, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, უბრალოდ აქციაზე მოხვდა და ახლა პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოათქმევინებენ - ეს არაფერ შუაში არ არის ფიზიკურად საქმესთან," - აცხადებს "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.